Sunday, April 29, 2012

დალი - “ჩემსა და ყველა დანარჩენზე”


  სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

  ჩვენ გვსმენია იმის შესახებ, რომ თავისსავე პატივსაცემად მოწყობილ მეჯლისზე დალი დამპალი ქაშაყით დამშვენებული ქუდით გამოცხადდა; ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ერთი დღე-ღამით იქირავა და შიგ თხის არვე შერეკა; ზღვის ვარსკვლავი საღებავში ამოავლო და საჯაროდ დასვა სახატავ ტილოზე, რითაც ირწმუნებოდა, რომ შეკრებილი საზოგადოება შედევრის დაბადებას ესწრებოდა. ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ აუდიენციის შესახებ, რომელიც დალიმ არამ ხაჩატურიანს მოუწყო, როდესაც სამოცდაათი წლის მხატვარმა დედიშობილად შეასრულა კომპოზიტორის ცნობილი “ცეკვა ხმლებით”.
  დალის სიხარბე, ასევე ლეოპარდის ბეწვის ქურქები, წითელი ჩაჩი, ნალოლიავები ულვაში, ზღვის ზღარბები საუზმედ და ლალებითა და ბრილიანტებით მოჭედილი მფეთქავი მექანიკური გული, რაც დალიმ მეუღლეს აჩუქა, დღემდე განსჯის საგანია, ასე რომ, ალბათ მართებულია მცირე ბიოგრაფიული ექსკურსი, მით უფრო, რომ მხატვრის გამოძერწილი და ჟურნალისტების მიერ აფიშირებული ნიღაბი მაინცდამაინც არ წააგავდა მის ნამდვილ სახეს.

  და, მამა და მეგობრები გვიამბობენ, რომ დალი ბავშვობიდანვე დაბნეული და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო. მან ფულის ყადრი ვერც სიღატაკეში ისწავლა, რომელიც საკმაოდ გამოსცადა, და ვერც სიმდიდრეში. “წარმოდგენა არა მაქვს, ღარიბი ვარ თუ მდიდარი, – ამბობდა დალი. – ყველაფერს ჩემი ცოლი განაგებს. ჩემთვის ფული – მისტიკაა”. მართლაც, მისი სიმდიდრე, მთელი მისი ფასდაუდებელი კოლექცია და სახლი ცოლს ეკუთვნოდა – მას, ვისაც იგი გალას უწოდებდა, ელენე დმიტრიევნა დიაკონოვას. და რომ არა ეს ქალი, ვინ იცის, იქნებ მამის წინასწარმეტყველებაც ახდენილიყო: “ჩემი ვაჟი, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ღობის ქვეშ მოკვდება”".სიურრეალიზმი – ეს მე ვარ!” – მხოლოდ დალის ჰქონდა ამ სიტყვების თქმის სრული უფლება. და როგორც უნდა დავდოთ ბრალი განდიდების მანიაში, ეს სიტყვები მხოლოდ მორიგი ჭეშმარიტების კონსტატაციაა. მისი ყოფითი ჩვევებიც კი სიურრეალისტური ქმედება გახლდათ.
  თავისივე აღიარებით, ის ოცნებობდა ზღვის სანაპირო კატალონიაში, თავისი რეზიდენციის ახლოს, ტროპიკული ქვეყნებიდან გამოწერილი უამრავი სპილოს თავის ქალით მოეფინა, ანუ რეალური სამყაროს ნაჭერი თავისი სიურრეალისტური ნახატებისთვის უნდოდა დაემსგავსებინა.
   დალი ეხებოდა უკლებლივ ყველაფერს, რაც მისი დროის ადამიანისათვის არსებითი იყო. თავის მრავალმხრივ შემოქმედებაში მას გვერდი არ აუვლია ისეთი თემებისათვის, როგორებიცაა სექსუალური რევოლუცია და სამოქალაქო ომები, ატომური ბომბი და ნაციზმი, კათოლიკური რწმენა და მეცნიერება, კერძების მომზადებაც კი. და თითქმის ყველაფერ ამაზე ის წარმოუდგენელ, პრაქტიკულად ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის შემაცბუნებელ მოსაზრებებს გამოთქვამდა.
  ის თავის ცხოვრებასაც ისევე უყოყმანოდ აგებდა სიურრეალისტურ მანერაზე, როგორც თავის ქმნილებებს. მან სიურრეალიზმის იდეები გაიზიარა და უკიდურესობამდე მიიყვანა. ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა ესპანეთში ცხარე კამათი დაიწყო კულტურულ მემკვიდრეობასა და მასთან დამოკიდებულებაზე, დალი დემონსტრაციულად გამოვიდა მოთხოვნით მთლიანად გაენადგურებინათ ქალაქ ბარსელონის ისტორიული ცენტრი, რომელშიც შუა საუკუნეებისა და რენესანსის უამრავი ნაგებობა იყო მოქცეული. ამ ადგილზე სუპერთანამედროვე “მომავლის ქალაქის” აშენებას აპირებდნენ.
  ტერმინ “სიურრეალიზმის” (ფრანგ. SURREALISME- “ზერეალიზმი”) მამამთავარი იყო ფრანგი პოეტი გიიომ აპოლინერი. 1922 წლიდან მწერლისა და ხელოვნების თეორეტიკოსის ანდრე ბრეტონის ირგვლივ ჯგუფდებიან თანამოაზრეები: მხატვრები – ჟან არპი, მაქს ერნსტი, ლიტერატორები და პოეტები – ლუი არაგონი, პოლ ელუარი, ფილიპ სუპო და სხვები. ისინი უბრალოდ ახალ სტილს როდი ქმნიდნენ ხელოვნებაში, მათ აშკარად გაცილებით მასშტაბური ჩანაფიქრები ჰქონდათ.
  სიურრეალიზმის ფუძემდებელთა შეხედულებების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა იქონია ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებამ. ფროიდის თეორიის საფუძველია ფსიქოანალიზის კონცეფცია, რომლის თანახმად, ფსიქიკა ექვემდებარება განსაკუთრებულ, მუდმივ, შეუცნობად ირაციონალურ ძალებს, რომლებიც ცნობიერების ფარგლებს მიღმა იმყოფებიან. არაცნობიერი ფსიქიკის ფუნდამენტია, რაც გავლენას ახდენს ადამიანის რეალურ, შეგნებულ ცხოვრებაზე. მისი მტკიცებით, ხელოვნებასა და სიზმრებში არაცნობიერი სრულად იჩენს თავს და სწორედ მათში აშკარავდება ადამიანის “ბუნებრივი არსის” შემეცნების ჭეშმარიტი გზა.

  ფროიდიზმი ნოყიერი ნიადაგი გამოდგა სიურრეალიზმის ესთეტიკისათვის. ითვლება, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ სწორედ სალვადორ დალი იყო ფროიდიზმის შეხედულებათა ლამის უმთავრესი გამტარებელი XX საუკუნის ხელოვნებაში. დალის აღიარებით, მისთვის ფროიდის იდეების სამყარო იმავეს ნიშნავდა, რასაც წმინდა წერილი შუა საუკუნეების მხატვრისათვის ან ანტიკური მითოლოგიის სამყარო-რენესანსისათვის. დალი ფროიდს თავის სულიერ მამად თვლიდა და არასოდეს გამოუვლენია მისადმი ურჩობა, ეჭვი არ შეუტანია მის არც ერთ სიტყვაში. დიდ ადამიანთაგან იგი უსიტყვოდ, უპირობოდ მხოლოდ ფროიდს ეთაყვანებოდა, ისევე, როგორც ნათესავთა და ახლობელთა შორის მხოლოდ “გალარინასთვის” არ უწყენინებია არასოდეს.